| შექმნის ისტორია |
საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, „Caucasus Network”, 1997 წელს დაარსდა. პროვაიდერებს შორის არსებული კონკურენციის პირობებში, კომპანია ყოველთვის მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებდა, რადგან მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად მაღალი ხარისხის მომსახურეობას სთავაზობდა. წლების განმავლობაში „Caucasus Network“–ის მმართველი რგოლი პროფესიონალებით ძლიერდებოდა, რაც კომპანიას მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებისა და დანერგვის საშუალებას აძლევდა. მომხმარებლისთვის სრულყოფილი სამომხმარებლო პაკეტის შეთავაზებამ, ძალიან გაზარდა მასზე მოთხოვნა, ეს ყოველივე კი ქართულ ინტერნეტ ბაზარზე „Caucasus Network“–ის პოზიციბის გამყარებას უწყობდა ხელს. 2006 წელს კომპანია „Caucasus Network“-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლის მრავალფეროვან მოთხოვნილებათა სრულფასოვნად დაკმაყოფილების მიზნით, გაერთიანდა სამი (Caucasus Network, Sanet, Georgian Online) წამყვანი პროვაიდერი კომპანია, რომელსაც სათავეში „Caucasus Network“-ის გენერალური დირექტორი, ბ–ნი მამია სანადირაძე ჩაუდგა. კომპანია „Sanet” ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე 1993 წელს გამოჩნდა. მან ქართული ინტერნეტის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში უმთავრესი როლი შეასრულა. კომპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა პირველი ვებ–სტუდია, რომელმაც ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ინტერნეტ საიტების შექმნით გაითქვა სახელი. უდიდესი ენთუზიაზმით მომუშავე კვალიფიცირებული გუნდი, ვირტუალურ სამყაროში მუდმივი სიახლეების ძიებით იმკვიდრებდა თავს. 2000 წელს ქართულ ინტერნეტ ბაზარს ახალი პროვაიდერი „Georgian Online” შეემატა, რომელმაც ინტერნეტის მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტ სერვისი შესთავაზა და მრავალრიცხოვანი მომხმარებელიც მოიზიდა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა ჯგუფმა , მომსახურეობის ხარისხმა და სისწრაფის გარანტიამ, „Georgian Online”–ის წარმატება განაპირობა. სამი წამყვანი პროვაიდერის გაერთიანების შემდეგ, კომპანიის სახელწოდება - „Caucasus Online” - სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით და მენეჯმენტის ერთიანი გადაწყვეტილებით შეირჩა. მომხმარებლის მხრიდან „Caucasus Network“-ისადმი გაზრდილმა მოთხოვნილებამ და „Georgian Online”–ის, როგორც ბრენდის ცნობადობამ, ამ ორი სახელწოდების შერწყმა გამოიწვია. |










